PDF
დაბრუნდით უკან

გამოქვეყნების თარიღი: 01.08.2023 წ.

Visa საგადახდო ბარათის ანგარიშის წესები და პირობები ბიზნეს კლიენტებისთვის

წინამდებარე წესები და პირობები ვრცელდება თქვენი Visa საგადახდო ბარათის ანგარიშზე და Visa საგადახდო ბარათზე. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ აღნიშნულ წესებს და პირობებს. წესები და პირობები შეგიძლიათ, ჩამოტვირთოთ ნებისმიერ დროს ონლაინ, bank.paysera.com ვებ. გვერდიდან თქვენს პროფილში შესვლით გზით.

წინამდებარე წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები:

"დისტრიბუტორი" – მესამე მხარე „Paysera LT“, UAB. Visa საგადახდო ბარათის დისტრიბუტორი, რომელიც გაძლევთ ელექტრონულ წვდომას თქვენს Visa საგადახდო ბარათის ანგარიშზე. Paysera-ს ქსელის ლოგო/ბრენდი Visa საგადახდო ბარათზე გამოიყენება მხოლოდ მარკეტინგული მიზნებისთვის.

"სუბ-დისტრიბუტორი" - სს „პეისერა ბანკი საქართველო“ ს/ნ 402204841, Visa გადახდის ბარათის სუბ-დისტრიბუტორი, რომელიც დისტრიბუტორის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, გაძლევთ ელექტრონულ წვდომას თქვენს Visa საგადახდო ბარათის ანგარიშზე.

"თქვენ" – ანგარიშის მფლობელი, რომელიც არის Visa საგადახდო ბარათის ანგარიშისა და Visa საგადახდო ბარათის ავტორიზებული მომხმარებელი, ასევე დამატებითი ბარათის მფლობელი.

"ჩვენ" ან "ჩვენი" - კომპანია "Finansinės paslaugos "Contis", UAB, რომელიც გაწვდით ელექტრონული ფულთან დაკავშირებულ მომსახურებას: Visa საგადახდო ბარათის ანგარიში და Visa საგადახდო ბარათი. Visa საგადახდო ბარათის ანგარიშს ხსნის და მასზე არსებული ფულად სახსრებს ინახავს "Finansinės paslaugos "Contis" UAB. დისტრიბუტორს/სუბ-დისტრიბუტორს, თქვენ მიერ Visa საგადახდო ბარათით ტრანზაქციების განხორციელების უზრუნველსაყოფად, შეუძლია გადარიცხოს ფულად სახსრები მასთან არსებული თქვენი Paysera ანგარიშიდან.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ დისტრიბუტორის/სუბ-დისტრიბუტორის მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურს:

  • ტელეფონი: +44 20 80996963/ +995 32 222 55 22 (მოქმედებს ქვეყანაში დადგენილი სტანდარტული ტარიფები);
  • ელ. ფოსტა: support@paysera.com/ support@paysera.ge;;
  • ონლაინ: შედით თქვენს Paysera პროფილზე www.bank.paysera.com და გადადით შეტყობინებებზე>  დაწერეთ შეტყობინება;;
  • მობილური აპლიკაცია: გადადით პარამეტრებზე>დაუკავშირდით მხარდაჭერას თქვენს  მობილური აპლიკაციაში;
  • ფოსტა: "Paysera LT", UAB, Pilaitės pr. 16, ვილნიუსი, ლიტვა / სს „პეისერა ბანკი საქართველო“, საქართველო, თბილისი, წერეთლის გამზირი 4/2.

თქვენი Visa საგადახდო ბარათის ემიტენტი და თქვენი Visa საგადახდო ბარათის ანგარიშის მომსახურე პროვაიდერი არის "Finansinės paslaugos “Contis”, UAB (კომპანიის კოდი 304406236, რეგისტრირებული ლიეტუვის რესპუბლიკის იურიდიულ პირთა რეესტრში, სათაო ოფისი მდებარე Gedimino pr. 20, ვილნიუსი, ლიეტუვა). ჩვენი ელექტრონული ფულის დაწესებულების No.53 ლიცენზია გაცემულია 2019 წლის 23 ივლისს ლიეტუვის ბანკის მიერ, რომელიც წარმოადგენს ჩვენს საზედამხედველო ორგანოს (მდებარე Gedimino pr. ვილნიუსი, ლიეტუვა, ტელეფონი: +370 800 50 500). დამატებითი ინფორმაცია ლიეტუვის ბანკის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მისამართზე https://www.lb.lt/en. თქვენი Visa საგადახდო ბარათის დისტრიბუტორია „Paysera LT“, UAB.

1.რა არის ბიზნეს Visa საგადახდო ბარათის ანგარიში და ბიზნეს Visa საგადახდო ბარათი?

ბიზნეს Visa საგადახდო ბარათის ანგარიში არის ელექტრონული ფულის ანგარიში, რომელზეც შეგიძლიათ განახორციელოთ და მიიღოთ გადახდები.

ბიზნეს Visa საგადახდო ბარათი წარმოადგენს ბიზნეს Visa საგადახდო ბარათს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ყველგან, სადაც მიიღება Visa ბარათები. აღნიშნული ბარათით შესაძლებელია: საქონლისა და მომსახურების ღირებულების გადახდა ონლაინ, ფიზიკურ გაყიდვის წერტილებში, მობილური ტელეფონით და ბანკომატებიდან ნაღდი ფულის გატანა.

ბიზნეს Visa საგადახდო ბარათით გადახდები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ Visa საგადახდო ბარათის ანგარიშზე წინასწარ ჩარიცხული თანხის ფარგლებში, ამიტომ გადახდის განხორციელებამდე ან Visa საგადახდო ბარათის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ გაქვთ საკმარისი ფულადი სახსრები თქვენს Visa საგადახდო ბარათის ანგარიშზე. ამასთან, ბიზნეს Visa საგადახდო ბარათის ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრები არ წარმოადგენს საბანკო დეპოზიტს და არ ერიცხება პროცენტი.

2. ვის შეუძლია მოითხოვოს ბიზნეს Visa საგადახდო ბარათის ანგარიშის გახსნა და ბიზნეს Visa საგადახდო ბარათი?

ბიზნეს Visa საგადახდო ბარათის ანგარიში შეიძლება გაეხსნას და ბიზნეს Visa საგადახდო ბარათი გაიცემა პირებზე, რომლებიც მიაღწიეს 18 წლის ასაკს და წარმოადგენენ EEA-ს (ევროპული ეკონომიკური არეალის) რეზიდენტებს. თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ ბარათი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარმოადგენთ დისტრიბუტორის/სუბ-დისტრიბუტორის კლიენტს (თქვენ გახსენით Paysera-ს ანგარიში და გაიარეთ დისტრიბუტორის/სუბ-დისტრიბუტორის მიერ მოთხოვნილი პროცედურები და დაადასტურეთ თქვენი ვინაობა). ანგარიშის გასახსნელად უნდა მიუთითოთ ელ. ფოსტის მისამართი და მობილური ტელეფონის ნომერი, რათა დისტრიბუტორმა/სუბ-დისტრიბუტორმა (ანუ თქვენმა მომსახურე პროვაიდერმა) შეძლოს თქვენთან კომუნიკაცია. თითოეულ ფიზიკური პირის საცხოვრებელ მისამართზე შესაძლებელია მაქსიმუმ ოთხი ფიზიკური პირის ანგარიშის, ხოლო იურიდიული პირის მისამართზე - 20 ანგარიშის დაკავშირება.

3. შემიძლია შევუკვეთო დამატებითი ბიზნეს Visa საგადახდო ბარათი ჩემს პროფილში?

თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ დამატებითი ბიზნეს Visa საგადახდო ბარათი დამატებითი მფლობელისთვის, რისთვისაც შეიძლება გათვალისწინებული იყოს საკომისიო, როგორც ეს მითითებულია ტარიფებისა და ლიმიტების ცხრილში (პარაგრაფი 33). დამატებითი ბარათის მფლობელი უნდა იყოს კომპანიის თანამშრომელი. სხვა პირისთვის დამატებითი ბარათის შეკვეთით, თქვენ გასცემთ თანხმობას, რომ დამატებითი ბარათი გადავცეთ დამატებით მფლობელს, რომელიც აღნიშნული ბარათით განახორციელებს ტრანზაქციების თქვენი სახელით. დამატებითი ბარათის მფლობელი განკარგავს ბიზნეს Visa საგადახდო ბარათზე ხელმისაწვდომ ფულად სახსრებს და მასზე ვრცელდება იგივე ლიმიტები.

თქვენ იღებთ პასუხისმგებლობას, დამატებითი ბიზნეს Visa საგადახდო ბარათის მფლობელის მიერ განხორციელებულ ყველა ტრანზაქციაზე, დამატებითი ბარათის გამოყენებასა და ნებისმიერ საკომისიოზე, რომელიც შეიძლება დაეკისროს დამატებითი ბარათის მფლობელს.

4. როგორ გავხსნა ბიზნეს Visa საგადახდო ბარათის ანგარიში?

Visa საგადახდო ბარათის ანგარიშის გახსნის განაცხადი შეგიძლიათ წარადგინოთ bank.paysera.com-ის ან დისტრიბუტორის/სუბ-დისტრიბუტორს მობილური აპლიკაციის საშუალებით.

ანგარიშის გახსნამდე და Visa საგადახდო ბარათის გაცემამდე დისტრიბუტორი/სუბ-დისტრიბუტორი მოგთხოვთ დაადასტუროთ თქვენი ვინაობა და ასევე შეიძლება მოგთხოვოთ თქვენი საცხოვრებელი ადგილის დადასტურება. დისტრიბუტორის/სუბ-დისტრიბუტორისთვის წარსადგენად თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ ისეთი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, როგორიცაა პასპორტი, მართვის მოწმობა, ეროვნული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, კომუნალური მომსახურების ქვითრები, საბანკო ამონაწერები და სხვა დოკუმენტები. ამასთან დისტრიბუტორს/სუბ-დისტრიბუტორს დასჭირდება თქვენი ვერიფიკაციის განხორციელება ელექტრონულად (ონლაინ).

Visa საგადახდო ბარათ(ებ)ის შეკვეთისას, თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენს Paysera ანგარიშზე გაქვთ საკმარისი ფულადი სახსრები ბარათის გაცემის, მიწოდების და ერთი თვის ადმინისტრირების საკომისიოს დასაფარად. თუ თქვენს Paysera ანგარიშზე არ გაგაჩნიათ საკმარისი სახსრები, თქვენ ვერ შეძლებთ ბარათ(ებ)ის შეკვეთას.

Visa საგადახდო ბარათის გაცემისა და მიწოდების საკომისიო ავტომატურად ჩამოიჭრება ბარათის შეკვეთისას, ხოლო ბარათის ყოველთვიური ადმინისტრირების საკომისიო ჩამოიჭრება ბარათის გააქტიურებისას.

Visa საგადახდო ბარათის მიწოდება განხორციელდება ფოსტით, მხოლოდ ევროპის ეკონომიკური არეალის ფარგლებში თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე, შეკვეთიდან 60 (სამოცი) დღის განმავლობაში. თუ თქვენ არ მიიღებთ Visa საგადახდო ბარათს ერთი კალენდარული თვის განმავლობაში, აღნიშნულის შესახებ უნდა აცნობოთ დისტრიბუტორს/სუბ-დისტრიბუტორს.

თუ დადგინდება, რომ თქვენ არ მიგიღათ Visa საგადახდო ბარათი და ეს არ არის გამოწვეული თქვენი ბრალით, მაშინ აღნიშნული ბარათი დაიბლოკება სამუდამოდ და თქვენთვის ახალი ბარათი დამზადდება და მიწოდება განხორციელდება უფასოდ. თუ თქვენ ვერ მიიღებთ მეორე ბარათსაც, თქვენ შეძლებთ ახალი ბარათის აღებას თქვენი პროვაიდერი დისტრიბუტორის/სუბ-დისტრიბუტორს მომხმარებელთა მხარდაჭერის ცენტრიდან.

5. როგორ გავააქტიურო Visa საგადახდო ბარათი?

როგორც კი მიიღებთ თქვენს Visa ბარათს, ვალდებული ხართ მოაწეროთ ხელი ბარათის უკანა მხარეს არსებულ ხელმოწერის ადგილზე.

შემდეგ თქვენ უნდა გაააქტიუროთ თქვენი Visa ბარათი. აღნიშნულის განხორციელება შეგიძლიათ bank.paysera.com-ის ან დისტრიბუტორის/სუბ-დისტრიბუტორის მობილური აპლიკაციის საშუალებით თქვენს Visa ბარათის ანგარიშზე შესვლით.

თქვენ ასევე უნდა მიიღოთ PIN კოდი გადახდების დადასტურებისა და ნაღდი ფული ბანკომატიდან გატანისთვის. PIN კოდს მიიღებთ, როდესაც გაააქტიურებთ თქვენს Visa ბარათს დისტრიბუტორის/სუბ-დისტრიბუტორს ვებსაიტზე ან მობილური აპლიკაციაში, ბარათის მართვის განყოფილებაში.

Visa ბარათის გააქტიურებით, თქვენ ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს. თქვენზე ასევე ვრცელდება ბიზნეს კლიენტების Paysera-ს მომსახურების გენერალური ხელშეკრულების ყველა პირობა.

თქვენი Visa საგადახდო ბარათი უნდა გააქტიურდეს გაცემიდან 3 თვის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ავტომატურად დაიბლოკება, ხოლო Visa საგადახდო ბარათი ანგარიში დაიხურება.

თუ თქვენ Visa საგადახდო ბარათი შეუკვეთეთ სხვა პირისათვის, თქვენ ხართ პასუხისმგებელი აღნიშნული პირისთვის ბარათის გააქტიურებისა და PIN კოდის მისაღებად საჭირო ინფორმაციის მიწოდებაზე. თუ აღნიშნული პირი დაიწყებს ბარათით სარგებლობას, დისტრიბუტორი/სუბ-დისტრიბუტორი აღნიშნულს მიიჩნევს, იმ ფაქტის დამადასტურებელ გარემოებად, რომ თქვენ გააცანით და აღნიშნული პირი დაეთანხმა წინამდებარე წესებსა და პირობებს.

თუ კონვერტი დაზიანებულია ან არსებობს ეჭვი, რომ ბარათი შესაძლოა ამოღებული იყოს კონვერტიდან, არ გაააქტიუროთ ფოსტით მიღებული ბარათი, აცნობეთ ამის შესახებ დისტრიბუტორს/სუბ-დისტრიბუტორს (24 საათის განმავლობაში) და დაუბრუნეთ კონვერტი ბარათთან ერთად დისტრიბუტორს/სუბ-დისტრიბუტორს.

6. როგორ შევცვალო PIN კოდი?

თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ PIN კოდი ნებისმიერ ბანკომატში, რომელიც აღჭურვილია აღნიშნული ფუნქციით, ამ ფუნქციით აღჭურვილი ბანკომატების სია შეგიძლიათ, იხილოთ ლინკზე https://www.visa.com/atmlocator თუ თქვენ დაგავიწყდათ PIN კოდი, შეგიძლიათ გაიგოთ ის დისტრიბუტორის/სუბ-დისტრიბუტორს ვებ.გვერდის bank.paysera.com თქვენს პროფილში შესვლით.

7. როგორ შევავსოთ ჩემი Visa საგადახდო ბარათის ანგარიში?

ვებ. გვერდზე bank.paysera.com თქვენს პროფილში შესვლით თქვენ შეგიძლიათ გადარიცხოთ ფულადი სახსრები თქვენს Visa საგადახდო ბარათის ანგარიშზე.

Visa საგადახდო ბარათის ანგარიშზე ფულადი სახსრების ჩარიცხვის დრო დამოკიდებულია ანგარიშის შევსების მეთოდზე. Visa საგადახდო ბარათის ანგარიშზე თქვენ არ შეგიძლიათ გადარიცხოთ ფულადი სახსრები საკრედიტო ბარათიდან. Visa საგადახდო ბარათის ანგარიშზე გადარიცხული ფულადი სახსრების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს იმ ანგარიშზე არსებული ნაშთის ოდენობას, რომლიდანაც განახორციელეთ შევსება.

Visa საგადახდო ბარათის ანგარიშზე გადარიცხვებისთვის შეიძლება დაწესდეს საკომისიო (იხილოთ ტარიფებისა და ლიმიტების ცხრილი (პარაგრაფი 33)). Visa საგადახდო ბარათის ანგარიშსა და ბარათზე ვრცელდება განსაზღვრული ლიმიტები და გამოყენების პირობები, რომლებიც დეტალურად არის ასახული ტარიფებისა და ლიმიტების ცხრილში (პარაგრაფი 33). ჩვენ ვიტოვებთ უფლებას უარი ვთქვათ გადარიცხვის განხორციელებაზე, თუ გვაქვს ეჭვი, რომ აღნიშნული გადარიცხვა შეიძლება დაკავშირებული იყოს უკანონო საქმიანობასთან ან სხვა შემთხვევებში.

გადმორიცხული ფულადი სახსრების მიღებისთანავე, ისინი აისახება თქვენს Visa გადახდის ბარათის ანგარიშზე და შეძლებთ, მათ განკარგვას. თუ განხორციელებული Visa საგადახდო ბარათის ანგარიშზე ფულადი სახსრების ჩარიცხვის ოპერაცია საჭიროებს გამომგზავნის ბანკის დადასტურებას, ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას შეიძლება დასჭირდეს სამ სამუშაო დღემდე.

თუ თქვენს ანგარიშზე შეცდომით მოხდა ზედმეტი ფულადი სახსრების ჩარიცხვა, ჩვენ ან, ჩვენი მოთხოვნით, დისტრიბუტორი/სუბ-დისტრიბუტორი უფლებამოსილია ჩამოჭრას ზედმეტად გადახდილი ფულადი სახსრები თქვენი ანგარიშიდან.

8. რა ტრანზაქციების განხორციელება შემიძლია?

იმ სავაჭრო ობიექტებთან, რომლებიც იღებენ Visa საგადახდო ბარათს, ჩვენ მიერ გაცემული ბიზნეს Visa საგადახდო ბარათით თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ შემდეგი ტრანზაქციები:

  • გადახდები ჩიპიანი და PIN კოდიანი ბარათით - ბიზნეს Visa საგადახდო ბარათის ტერმინალში მოთავსებისა და PIN კოდის შეყვანის გზით;
  • გადახდები მაგნიტური ზოლის მქონე ბარათით - ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში, რომელსაც არ შეუძლია მიიღოს ჩიპიანი და PIN კოდიანი ბარათი, ჩეკზე ხელმოწერის გზით;
  • გადახდები უკონტაქტო ბარათით - Visa საგადახდო ბარათის უკონტაქტო ბარათის წამკითხველზე მოთავსებით;
  • გადახდები ონლაინ ბარათით -ონლაინ მაღაზიებში ბიზნეს Visa საგადახდო ბარათის მონაცემებისა და სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის (როგორიცაა სისტემაში შესვლის უსაფრთხოების კოდი) მიწოდებით, ონლაინ მაღაზიის მოთხოვნის საფუძველზე;
  • გადახდები ბარათით ელ. ფოსტისა ან ტელეფონის გამოყენებით- მერჩანტის მოთხოვნით Visa საგადახდო ბარათის მონაცემთა მერჩანტისთვის მიწოდებით;
  • ბანკომატიდან თანხის განაღდება - Visa-ს ლოგოტიპიან ბანკომატში ბიზნეს Visa საგადახდო ბარათის მოთავსებით, PIN კოდის შეყვანითა და ბანკომატის ინსტრუქციის დაცვით;
  • გადახდები ელექტრონული საფულის მეშვეობით- Visa საგადახდო ბარათის თქვენს მობილურ ტელეფონის Samsung Pay, Google Pay, ან Apple Pay (თუ ეს შესაძლებელია) საფულეში დამატებით, თქვენი მობილური ტელეფონის უკონტაქტო ბარათის წამკითხველზე მოთავსებით ან ელექტრონული საფულის ოფციის ონლაინ შემოწმებით. თქვენ ადასტურებთ ელექტრონული საფულით განხორციელებულ ტრანზაქციას თქვენი მობილური ტელეფონის უსაფრთხოების პროტოკოლის შესაბამისად, რომელიც შეიძლება მოიცავდეს მობილურ ტელეფონში ბიომეტრიული ინფორმაციის დამუშავებას, როგორიცაა თითის ანაბეჭდის ან სახის ამოცნობა.

ისევე, როგორც სხვა საგადახდო ბარათების შემთხვევაში, ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ მესამე მხარე ან ბანკომატი მიიღებს თქვენს ბარათს.

ტრანზაქციის დასადასტურებლად ან პროფილის პარამეტრების შესაცვლელად, შეიძლება დაგჭირდეთ ერთჯერადი დადასტურების კოდის ან სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის, მათ შორის, ბიომეტრიული მონაცემების შეყვანა (თუ ეს შესაძლებელია და თუ არჩეული გაქვთ იდენტიფიკაციის ეს მეთოდი). ერთჯერადი დადასტურების კოდები იგზავნება თქვენს პროფილში მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე.

თქვენი ტრანზაქციის დადასტურებისთანავე, ჩვენ ჩამოვჭრით შესაბამის თანხას თქვენი Visa საგადახდო ბარათის ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრებიდან. საკომისიო შეიძლება ჩამოიჭრას ტრანზაქციის დადასტურების დროს ან Visa სისტემაში ტრანზაქციის დადასტურების შემდეგ. თითოეული ტრანზაქციის ამონაწერი, საკომისიოს შესახებ ინფორმაციის ჩათვლით, თქვენ შეგიძლიათ, იხილოთ თქვენს პროფილში ვებ.გვერდის bank.paysera.com ან დისტრიბუტორის/სუბ-დისტრიბუტორის მობილური აპლიკაციის მეშვეობით.

ფულადი სახსრები მერჩანტს გადაერიცხება ტრანზაქციის დადასტურებიდან სამი სამუშაო დღის ვადაში, ხოლო ბანკს ან სხვა ფინანსურ დაწესებულებას დადასტურების დღეს ან თქვენ მიერ მითითებულ უფრო გვიან თარიღში (კონკრეტულ თარიღში განსახორციელებელი ტრანზაქცია). თუ ტრანზაქცია ხორციელდება Visa საგადახდო ბარათის საშუალებით ფულადი სახსრები ჩაირიცხება მას შემდეგ, რაც ჩვენ მერჩანტისგან ან ბანკომატის ოპერატორისგან მივიღებთ საგადახდო ინსტრუქციას.

9. შემიძლია გავაუქმო ტრანზაქცია?

როგორც წესი, ავტორიზებული ტრანზაქციის გამოთხოვა არ შეიძლება. თუმცა, თქვენ შეგიძლიათ გამოითხოვოთ თქვენი ავტორიზაცია, როდესაც ავტორიზებულია სამომავლო ტრანზაქცია (კონკრეტულ თარიღში განსახორციელებელი ტრანზაქცია). ამასთან, როდესაც განსაზღვრულია ტრანზაქციის კონკრეტული თარიღი, თქვენ არ შეგიძლიათ გამოითხოვოთ საგადახდო დავალება შეთანხმებული თარიღის წინა სამუშაო დღის დასრულების შემდეგ.
ბიზნეს Visa საგადახდო ბარათის საშუალებით ავტორიზებული მუდმივი საგადახდო დავალების გამოთხოვისათვის, თქვენ უნდა აცნობოთ მერჩანტს აღნიშნულის შესახებ ტრანზაქციის განხორციელების დღის წინა სამუშაო დღის დასრულებამდე და, საჭიროების შემთხვევაში, მიაწოდოთ შეტყობინების ასლი დისტრიბუტორს/სუბ-დისტრიბუტორს.
თუ თქვენ გააუქმებთ ტრანზაქციას ამ პარაგრაფში აღწერილი პროცედურების შესაბამისად, ჩვენ ან, ჩვენი მოთხოვნით, დისტრიბუტორს/სუბ-დისტრიბუტორს შეუძლია დაგაკისროთ საკომისიო (იხ. ცხრილი „ტარიფები და ლიმიტები" (პარაგრაფი 33)).

10. შემიძლია თუ არა გადავიხადო საქონლის ღირებულება უცხოურ ვალუტაში?

თქვენი Visa საგადახდო ბარათის ძირითადი ვალუტა არის ევრო. თუ თქვენ ახორციელებთ გადახდას ან ბანკომატიდან ნაღდი ფულის გატანას სხვა ვალუტაში, ჩვენ დავაკონვერტირებთ ტრანზაქციის თანხას ევროში ტრანზაქციის დამუშავების დღეს Visa-ს მიერ დადგენილი კურსით. ტრანზაქციის დამუშავების თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს ტრანზაქციის განხორციელების დღისგან.

თუ თქვენ იყენებთ Visa საგადახდო ბარათს, რომლის ძირითადი ვალუტა ევროა და იხდით ევროპის ქვეყანაში, რომლის ეროვნული ვალუტა არ არის ევრო, თქვენს მომსახურების პროვაიდერს შეუძლია მიუთითოს მოქმედი გაცვლითი კურსი და თანხა ევროში, ასევე პროცენტული სხვაობა ბარათის სისტემის კურსსა და ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) კურსს შორის.

თითოეულ ამგვარ გადარიცხვაზე ვრცელდება საერთაშორისო გადარიცხვის საკომისიო (იხ. ტარიფებისა და ლიმიტების ცხრილი (პარაგრაფი 33)).

ბიზნეს Visa-ს საგადახდო ბარათის ანგარიშზე ფულადი სახსრების დამატებისას ვალუტაში, რომელიც არ წარმოადგენს ევროს, ფულადი სახსრები ავტომატურად დაკონვერტირდება დისტრიბუტორის/სუბ-დისტრიბუტორის იმ დროისთვის მოქმედი კურსის მიხედვით, რომელიც რეგულარულად ნახლდება და ქვეყნდება დისტრიბუტორის/სუბ-დისტრიბუტორის ვებ გვერდზე.

უცხოური ტრანზაქციების კონვერტაციისათვის გაცვლითი კურსის ნებისმიერი ცვლილება განხორციელდება დაუყოვნებლივ. ევროს გარდა სხვა ვალუტაში ტრანზაქციის განხორციელების დღეს გაცვლითი კურსი თქვენ შეგიძლიათ იხილოთ აქ.

11. არის რამე, რისი ყიდვაც არ შემიძლია ბიზნეს Visa საგადახდო ბარათით?

თქვენ არ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი ბარათი უკანონო მიზნებისთვის. ის ასევე არ შეიძლება გამოყენებულ იქნას კონკრეტული ტრანზაქციებისთვის. უფრო დეტალური ინფორმაცია, მოცემულია მომსახურების გენერალური ხელშეკრულების მე-9 მუხლში.

12.როგორ შევამოწმოთ ბიზნეს Visa საგადახდო ბარათის ნაშთი?

თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი Visa საგადახდო ბარათის ანგარიშის ნაშთი უსაფრთხოდ, დისტრიბუტორის/სუბ-დისტრიბუტორს ვებ.გვერდის თქვენს პროფილში შესვლით. თქვენს ამონაწერში აისახება:

  • ინფორმაცია თითოეული ტრანზაქციის მიმღების და გადახდის დანიშნულების შესახებ, რომელიც საშუალებას გაძლევთ განახორციელოთ თითოეული გადახდის ოპერაციის იდენტიფიცირება;
  • ტრანზაქციის თანხა იმ ვალუტაში, რომელშიც განხორციელდა აღნიშნული ტრანზაქცია;
  • ტრანზაქციის საკომისიოს ოდენობა;
  • ტრანზაქციისას გამოყენებული გაცვლითი კურსი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ტრანზაქციის ავტორიზაციის ან ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის თარიღი.
     

აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს, უფასოდ ხელმისაწვდომია თქვენს პროფილში, რომელიც, საჭიროებისამებრ, შეიძლება შენახულ და რეპროდუცირებულ იქნეს. ამონაწერები ქაღალდის მატარებელზე გაიცემა თქვენი მოთხოვნით და ფასიანია (იხ. ტარიფებისა და ლიმიტების ცხრილი, პარაგრაფი 33).

პროფილზე წვდომისათვის, შეიძლება დაგჭირდეთ ერთჯერადი დადასტურების კოდის ან სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის, მათ შორის, ბიომეტრიული მონაცემების შეყვანა (თუ ეს შესაძლებელია და თუ არჩეული გაქვთ იდენტიფიკაციის ეს მეთოდი). ერთჯერადი დადასტურების კოდები იგზავნება თქვენს პროფილში მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე.

13.რამდენ ხანს მოქმედებს ბიზნეს Visa საგადახდო ბარათი?

თქვენი Visa საგადახდო ბარათის მოქმედების ვადაა 4 წელი. მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ თქვენ ვერ შეძლებთ ბარათის გამოყენებას. თუ თქვენი ბარათი გაუქმებულია ან მოქმედების ვადა ამოიწურება, წინამდებარე ხელშეკრულება ითვლება შეწყვეტილად და მისი მოქმედება არ განახლდება

თუ გსურთ, რომ თქვენი ახალი Visa საგადახდო ბარათ(ებ)ი მიწოდება განხორციელდეს სხვა მისამართზე, აღნიშნულის შესახებ უნდა მიუთითოთ ბარათ(ებ)ის ვადის გასვლამდე მინიმუმ 30 დღით ადრე თქვენს პროფილში, დისტრიბუტორის/სუბ-დისტრიბუტორის სისტემაში არსებული ინსტრუქციის შესაბამისად.

ახალი ბარათი(ებ)ის გაცემა და მიწოდება ექვემდებარება სტანდარტულ საკომისიოს, რომელიც ავტომატურად ჩამოიჭრება თქვენი Paysera ანგარიშიდან Visa საგადახდო ბარათის განახლების დროს ან თქვენი Visa საგადახდო ბარათის ანგარიშიდან.

14. მოქმედებს თუ არა ბიზნეს Visa საგადახდო ბარათზე და ბიზნეს Visa საგადახდო ბარათის ანგარიშზე ხარჯვის ლიმიტები?

თქვენ შეგიძლიათ დახარჯოთ მხოლოდ თქვენი Visa საგადახდო ბარათის ანგარიშზე არსებული თანხა. ამასთან, მოქმედებს ბანკომატებიდან თანხის განაღდების ლიმიტები. სხვა ლიმიტები შეიძლება გავრცელდეს დასახარჯი თანხის ოდენობასა და განსახორციელებელი ტრანზაქციების რაოდენობაზე. სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ცხრილში „ტარიფები და ლიმიტები“ (პარაგრაფი 33) და თქვენს პროფილში.

თუ რაიმე მიზეზით ტრანზაქცია განხორციელდა თქვენს Visa საგადახდო ბარათზე არასაკმარისი ნაშთის არსებობის შემთხვევაშიც, თქვენ ვალდებული ხართ აგვინაზღაუროთ აღნიშნული განსხვავება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს გამოწვეულია იმ მერჩანტის შეცდომით, რომელსაც გადაურიცხეთ თანხა.

ჩვენ ან, ჩვენი მოთხოვნით, დისტრიბუტორს/სუბ-დისტრიბუტორს უფლება აქვს ჩამოწეროს აღნიშნული განსხვავება ჩვენთან დაკავშირებული ნებისმიერი ბარათიდან ან თქვენი Paysera ანგარიშიდან. ასევე, აღნიშნული განსხვავება შეიძლება გამოიქვითოს იმ თანხიდან, რომელსაც მოგვიანებით ჩარიცხავთ თქვენს Visa საგადახდო ბარათის ანგარიშზე.
აღნიშნული განსხვავების დაფარვამდე, ჩვენ შეიძლება დავბლოკოთ თქვენი Visa საგადახდო ბარათი.

15. რა უნდა მოვიმოქმედო, თუ ჩემი ანგარიშიდან ჩამოიჭრა ზედმეტი თანხა ან დარიცხული იქნა საკომისიო ტრანზაქციებზე, რომლებიც არ არის ჩემ მიერ ავტორიზებული?

თუ თქვენ სადაოდ ხდით თქვენი საგადახდო ბარათით განხორციელებულ ტრანზაქციას, ჯერ უნდა დაუკავშირდეთ მერჩანტს, რადგან ამ გზით შესაძლებელია დაჩქარდეს პრობლემის გადაჭრა. თუ თქვენ ვერ ახერხებთ მერჩანტთან დავის გადაწყვეტას ან თუ დავა წარმოიშვა თქვენს ანგარიშზე განხორციელებული სხვა ტრანზაქციის გამო, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 13 თვისა იმ დღიდან, როდესაც თქვენთვის ცნობილი გახდა არასწორი ან არაავტორიზებული ტრანზაქციის შესრულების შესახებ, უნდა დაუკავშირდეთ დისტრიბუტორს/სუბ-დისტრიბუტორს.

როდესაც თქვენ აცნობებთ დისტრიბუტორს/სუბ-დისტრიბუტორს, რომ თქვენ არ დაგიდასტურებიათ ტრანზაქცია წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად, რომ თქვენ მიიღეთ ყველა გონივრული ზომა თქვენი პირადი (კონფიდენციალური) ინფორმაციისა და ბარათის უსაფრთხოებისათვის, რომ თქვენ არ გაგიმჟღავნებიათ თქვენი PIN კოდი ან პროფილზე წვდომის მონაცემები ვინმესთვის და რომ თქვენ არ ჩაგიდენიათ რაიმე უკანონო ქმედება, დისტრიბუტორი/სუბ-დისტრიბუტორი ჩვენი მოთხოვნით:

(ა) დაგიბრუნებთ არაავტორიზებული გადახდის თანხას და

(ბ) აღადგენს თქვენი ანგარიშის ბალანსს იმ მდგომარეობაში, რომელშიც იქნებოდა არაავტორიზებული ტრანზაქცია რომ არ განხორციელებულიყო.

გარდა ამ ვალდებულებებისა, ჩვენ და დისტრიბუტორს/სუბ-დისტრიბუტორს არ გვეკისრება სხვა პასუხისმგებლობა თქვენ წინაშე. იმ შემთხვევებში, თუ თქვენ მიერ მოწოდებული მიმღების მონაცემები არასწორია, ჩვენ არ გვეკისრება პასუხისმგებლობა ტრანზაქციის შეუსრულებლობასა ან არასწორად შესრულებაზე, მაგრამ ჩვენ განვახორციელებთ ყველა შესაძლო ღონისძიებას ტრანზაქციის თანხის დაბრუნებისათვის, ხოლო დისტრიბუტორი/სუბ-დისტრიბუტორი შეგატყობინებთ შედეგს.

თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ტრანზაქციის თანხის დაბრუნება, თუ: 

  • ტრანზაქცია არ იყო ავტორიზებული წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად და თქვენ დაუკავშირდით დისტრიბუტორს/სუბ-დისტრიბუტორს არაუგვიანეს 13 თვისა იმ დღიდან, როდესაც თქვენთვის ცნობილი გახდა არასწორი ან არაავტორიზებული ტრანზაქციის შესრულების შესახებ;
  • ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ნებისმიერ ტრანზაქციაზე, რომელიც არ არის შესრულებული ან არასწორად არის შესრულებული. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ დაგიბრუნებთ იმ ტრანზაქციის თანხას, რომელიც არ შესრულდა ან შესრულდა არასწორად, ხოლო დისტრიბუტორი/სუბ-დისტრიბუტორი აღადგენს თქვენი ანგარიშის ბალანსს იმ მდგომარეობაში, რომელშიც იქნებოდა არაავტორიზებული ტრანზაქცია რომ არ განხორციელებულიყო. ჩვენ ასევე აგინაზღაურებთ: ა) ნებისმიერ პირდაპირ საკომისიოს, რომელიც გადახდილ იქნა თქვენ მიერ და ბ) ნებისმიერ პროცენტს, რომელიც თქვენ დაგეკისრებათ შეუსრულებელი ან არასწორად შესრულებული ტრანზაქციის შედეგად;
  • წინასწარ ავტორიზებული ტრანზაქციის ზუსტი თანხა არ იყო მითითებული მისი ავტორიზაციის დროს, ხოლო ჩამოჭრილი თანხა უფრო მეტია, ვიდრე გონივრულად სავარაუდო იქნებოდა ბარათის გამოყენებით ადრე განხორციელებული გადახდის ოპერაციებისა და ტრანზაქციის გარემოებების გათვალისწინებით. ჩვენ დაგიბრუნებთ ტრანზაქციის სრულ თანხას ან მიგითითებთ თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის მიზეზს. თანხის ანაზღაურება ან მის დაბრუნებაზე უარის თქმის მიზეზის შეტყობინება განხორციელდება თანხის დაბრუნების მოთხოვნის მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში ან მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციის, ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში. ამ შემთხვევაში, თანხის დაბრუნების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, თუ ტრანზაქციის თანხა დაზუსტებულ იქნა ტრანზაქციის განხორციელების თარიღამდე მინიმუმ 4 კვირით ადრე ან თუ პრეტენზია წარდგენილია თქვენი ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრიდან 8 კვირის შემდეგ.

16. რა უნდა ვიცოდე უსაფრთხოების შესახებ?

თქვენ უსაფრთხოდ უნდა შეინახოთ თქვენი ბარათი და პროფილზე წვდომის დეტალები, არ გაუმჟღავნოთ ისინი სხვებს და არ მისცეთ მათ გამოყენების უფლება. თქვენ ყოველთვის უნდა დაიცვათ თქვენი კონფიდენციალური მონაცემები: არავის არასოდეს გაუმჟღავნოთ თქვენი PIN-კოდი ან პროფილზე წვდომის დეტალები და არ შეინახოთ თქვენი PIN-კოდი თქვენ ბარათთან ერთად, დარწმუნდით, რომ ტელეფონზე, კომპიუტერზე და ტაბლეტზე, რომელსაც იყენებთ თქვენი Visa საგადახდო ბარათის ანგარიშზე წვდომისთვის, დაყენებულია ლეგალური და უახლესი პროგრამული უზრუნველყოფა და განახლებული ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფა. თქვენი Visa საგადახდო ბარათი გამოიყენეთ მხოლოდ სანდო ვებ. გვერდებზე გადახდების განსახორციელებლად და ყოველთვის ადევნეთ თვალყური თქვენი Visa საგადახდო ბარათის ანგარიშის ბალანსს. თუ ეჭვი გეპარებათ, რომ თქვენი PIN-კოდი ან პროფილზე წვდომის დეტალები ცნობილი გახდა ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს მესამე პირთა მიერ, გთხოვთ, დაუყოვნებლივ აცნობოთ დისტრიბუტორის/სუბ-დისტრიბუტორის მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურს. პროფილზე წვდომის დეტალები მოიცავს მომხმარებლის სახელს და პაროლს, რომლებიც გამოიყენება თქვენს პროფილში ან ნებისმიერ სხვა ვებ. გვერდზე შესასვლელად, სადაც ინახება თქვენი ბარათის ან ანგარიშის ინფორმაცია.

17. რა მოხდება, თუ ჩემი Visa საგადახდო ბარათი დაიკარგა, მოიპარეს ან თუ კონფიდენციალური ინფორმაცია ჩემი ანგარიშის შესახებ ცნობილი გახდა სხვებისთვის?

თუ თქვენი Visa საგადახდო ბარათი დაიკარგა, მოიპარეს ან თუ ეჭვი გაქვთ, რომ სხვა პირისათვის ცნობილი გახდა თქვენი PIN-კოდი ან კონფიდენციალური ინფორმაცია ან აქვს წვდომა თქვენს პროფილზე თქვენი თანხმობის გარეშე, დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოთ დისტრიბუტორის/სუბ-დისტრიბუტორის მომხმარებელთა მხარდაჭერისსამსახურს, თქვენს Paysera პროფილთან დაკავშირებული ტელეფონის ნომრიდან ან დისტრიბუტორის/სუბ-დისტრიბუტორს ვებსაიტზე ან მობილური აპლიკაციაში თქვენს პროფილში შესვლით. სატელეფონო ზარის ღირებულება განისაზღვრება შესაბამის ქვეყანაში დადგენილი სტანდარტული ტარიფების შესაბამისად. თქვენი ბარათი და თქვენი Visa საგადახდო ბარათის ანგარიში დაუყოვნებლივ დაიბლოკება. თუ თქვენ შეგვატყობინებთ თქვენი ბარათის დაკარგვის შესახებ და შემდგომ იპოვნით მას, თქვენ ვეღარ გამოიყენებთ აღნიშნულ ბარათს. შუაზე გაჭერით აღნიშნული ბარათი ხელმოწერის ველის, მაგნიტური ზოლისა და ჩიპის ადგილას.

თუ თქვენ წარადგენთ მოთხოვნას დისტრიბუტორთან/სუბ-დისტრიბუტორთან და საჭირო ინფორმაციის თქვენ მიერ მიწოდებისა და მოთხოვნილი ქმედებების განხორციელების შემდეგ, ჩვენ ან, ჩვენი მოთხოვნით, დისტრიბუტორი/სუბ-დისტრიბუტორი, გამოვიკვლევთ ყველა სადაო ტრანზაქციას და თქვენი ბარათის ან ანგარიშის არასათანადო გამოყენების ფაქტებს.

თუ გამოკვლევის შედეგად დადგინდება, რომ თქვენ დაადასტურეთ სადაო ტრანზაქცია ან მოქმედებდით თაღლითურად ან უხეში გაუფრთხილებლობით (მაგ. არ დაიცავით თქვენი ბარათის, კონფიდენციალური ინფორმაციის ან PIN-კოდის კონფიდენციალურობა ან ბარათის დაკარგვის, ქურდობის ან ბარათისა და ანგარიშის არასანქცირებული გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ არ შეატყობინეთ დისტრიბუტორს/სუბ-დისტრიბუტორს), ტრანზაქციის თანხა არ დაგიბრუნდებათ და თქვენ გეკისრებათ სრული პასუხისმგებლობა თქვენი ბარათის ან ანგარიშის არაავტორიზებული გამოყენების შედეგად წარმოშობილ ნებისმიერ ზიანზე.

თუ გამოკვლევის შედეგად დადგინდება, რომ თქვენ არ მოქმედებდით თაღლითურად ან უხეში გაუფრთხილებლობით, ნებისმიერი არაავტორიზებული ტრანზაქციისთვის ჩვენ ან დისტრიბუტორის/ სუბ-დისტრიბუტორის წინაშე თქვენი პასუხისმგებლობა შემოიფარგლება 50 ევროს ოდენობით და ჩვენ ან, ჩვენი მოთხოვნით, დისტრიბუტორი/ სუბ-დისტრიბუტორი უმოკლეს ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს თქვენი შეტყობინების მიღების დღის დასრულებიდან მომდევნო სამუშაო დღისა, დაგიბრუნებთ თანხას.

18. შეგიძლიათ დაბლოკოთ ტრანზაქცია ჩემი თანხმობის გარეშე?

ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი შეხედულებისამებრ ან დისტრიბუტორის/სუბ-დისტრიბუტორის მოთხოვნით, უარი ვთქვათ ტრანზაქციის განხორციელებაზე შემდეგ შემთხვევებში:

  • თუ ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი თქვენი ბარათის ან ანგარიშის უსაფრთხოებასთან დაკავშირებთ, ან გვაქვს ეჭვი, რომ თქვენი ბარათი ან ანგარიში გამოიყენება არაკანონინერად ან არაკანონინერი მიზნისათვის;
  • თუ ტრანზაქციის განხორციელებისას თქვენს Visa საგადახდო ბარათის ანგარიშზე არ არის საკმარისი თანხები ტრანზაქციის და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკომისიოსთვის;
  • თუ თქვენს ანგარიშზე არის უარყოფითი ბალანსი;
  • თუ გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ბარათის ან ანგარიშის გამოყენებისას არ იცავთ წინამდებარე წესებისა და პირობებს;
  • თუ ჩვენ ვთვლით, რომ ტრანზაქცია არის საეჭვო ან უკანონო (მაგალითად, თუ ვთვლით, რომ ტრანზაქცია ხორციელდება არაკანონიერი მიზნით); ან
  • შეცდომების, გაუმართაობის (მექანიკური თუ სხვაგვარი) გამო ან ტრანზაქციის განხორციელებაზე მერჩანტის, საგადახდო სისტემის ან საბარათე სქემების, როგორიცაა Visa, უარის გამო.

ტრანზაქციაზე უარის თქმის შემთხვევაში, დისტრიბუტორი/სუბ-დისტრიბუტორი დაუყოვნებლივ შეგატყობინებთ უარის მიზეზს, თუ აღნიშნული არ არის აკრძალული მოქმედი კანონმდებლობით. თქვენ შეგიძლიათ, დისტრიბუტორის/ სუბ-დისტრიბუტორის მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურთან დაკავშირებით შეასწოროთ ჩვენს ხელთ არსებული ის ინფორმაცია, რომელმაც გამოიწვია ტრანზაქციის უარყოფა.

Visa საგადახდო ბარათი შეიძლება დაიბლოკოს სამუდამოდ, თუ ბანკომატში ან გაყიდვის წერტილში ზედიზედ სამჯერ არასწორად შეეყვანთ PIN-კოდს.

ჩვენ ან, ჩვენი მოთხოვნით, დისტრიბუტორს/სუბ-დისტრიბუტორს შეუძლია დროებით შეაჩეროს ბარათის გამოყენება მნიშვნელოვანი მიზეზების გამო (როგორიცაა, განახლება ან ტექნიკური სამუშაოები, პროგრამული უზრუნველყოფის ცვლილება და ა.შ.).

19. შემიძლია დავხურო ბიზნეს Visa საგადახდო ბარათის ანგარიში და გავაუქმო ვიზნეს Visa საგადახდო ბარათი?

თქვენ გაქვთ უფლება დახუროთ თქვენი Visa საგადახდო ბარათის ანგარიში და გააუქმოთ ბარათი ანგარიშის გახსნის დღიდან 14 დღის განმავლობაში, ჯარიმის დაკისრების გარეშე. ამ შემთხვევაში, დისტრიბუტორი/ სუბ-დისტრიბუტორი აგინაზღაურებთ თქვენ მიერ გადახდილ ბარათის გაცემის საკომისიოს. თუ დისტრიბუტორი/ სუბ-დისტრიბუტორი გაწევს ხარჯებს თქვენი ბარათის შეკვეთასთან დაკავშირებით, დისტრიბუტორი/ სუბ-დისტრიბუტორი უფლებამოსილია ჩამოგაჭრათ თქვენი ანგარიშიდან ბარათის გაუქმების საკომისიო. თქვენ ასევე შეგიძლიათ გააუქმოთ თქვენი ბარათი 14 დღის გასვლის შემდეგ, დისტრიბუტორის/ სუბ-დისტრიბუტორის მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურთან, დაკავშრების გზით, დისტრიბუტორის/ სუბ-დისტრიბუტორს ვებ. გვერდით ან მობილური აპლიკაციით, ამ შემთხვევაში მოქმედებს "ტარიფების და ლიმიტების" ცხრილში (პარაგრაფი 33) მითითებული საკომისიო. გაუქმებული ბარათი შუაზე გაჭერით ხელმოწერის ველის, მაგნიტური ზოლისა და ჩიპის ადგილას.

ყველა საკომისიო ხელშეკრულების შეწყვეტამდე განაწილდება პროპორციულად და წინასწარ გადახდილი საკომისიო დაგიბრუნდებათ პროპორციულად. თქვენ არ გექნებათ უფლება დაიბრუნოთ ის თანხა, რომელიც უკვე დახარჯულია ავტორიზებული ან მომლოდინე ტრანზაქციებით ან ბარათის დახურვამდე/ ვადის გასვლამდე ან ანგარიშის გაუქმებამდე დარიცხული ბარათის ან ანგარიშის გამოყენების საკომისიოები.

20.შეიძლება თუ არა დაიხუროს ბიზნეს Visa საგადახდო ბარათის ანგარიში?

ჩვენ ან, ჩვენი მოთხოვნით, დისტრიბუტორს/სუბ-დისტრიბუტორს შეუძლია დახუროს თქვენი ანგარიში და შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება, არანაკლებ ორი თვით ადრე შეტყობინების გზით. შეწყვეტის შესაძლო მიზეზებია:

  • წინამდებარე ხელშეკრულების ან ბარათის ვადის გასვლა;
  • თუ თქვენ არღვევთ ხელშეკრულების არსებით პირობას ან განმეორებით დაარღვიეთ ხელშეკრულება და დროულად არ შეასრულებთ დარღვეულ ვალდებულებას;
  • თუ თქვენი ქმედებით ემუქრებით ან შეურაცხყოფით ჩვენს თანამშრომლებს ან წარმომადგენელს;
  • თუ თქვენ არ გადაიხდით საკომისიოს/დაკისრებულ ხარჯს ან ვერ დაფარავთ თქვენს ბარათზე არსებულ უარყოფით ბალანსს.

ჩვენ ან, ჩვენი მოთხოვნით, დისტრიბუტორს/სუბ-დისტრიბუტორს შეუძლია დაუყოვნებლივ დახუროს თქვენი Visa საგადახდო ბარათის ანგარიში ან დაბლოკოს ბარათი, თუ:

  • არსებობს ეჭვი, ბარათის ან ანგარიშის არაავტორიზებულ ან თაღლითურ გამოყენებაზე;
  • არსებობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა ვარაუდი;
  • აღნიშნული აუცილებელია კანონის მოთხოვნათა შესაბამისად;
  • თუ თქვენ არ გადაიხდით საკომისიოს/დაკისრებულ ხარჯს ან ვერ დაფარავთ თქვენს ბარათზე არსებულ უარყოფით ბალანსს;
  • არსებობს ამგვარი ქმედების განხორციელების კანონმდებლობით ან მომსახურების გენერალური ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძველი.

ჩვენ ან, ჩვენი მოთხოვნით, დისტრიბუტორი/სუბ-დისტრიბუტორი უფლებამოსილია შეზღუდოს თქვენს ბარათზე ან/და ანგარიშზე წვდომა/გამოყენება, თუ ვთვლით, რომ ისინი შეიძლება გამოყენებულ იქნას ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსებისთვის, თაღლითობის ან სხვა დანაშაულებრივი მიზნებისთვის. თუ ჩვენ განვახორციელებთ აღნიშნულს, ჩვენ წარმოგიდგენთ განმარტებას (თუ ეს შესაძლებელია), თუ რატომ განხორციელდა ასეთი ქმედება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული აკრძალულია კანონით.

ასეთ შემთხვევაში, თქვენ უნდა აცნობოთ დისტრიბუტორს/სუბ-დისტრიბუტორს ანგარიშზე დარჩენილი სახსრების მიმართ განსახორციელებელი ქმედების შესახებ. აღნიშნული უნდა განახორციელოთ ანგარიშის დახურვის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 3 თვის განმავლობაში.

21. შემიძლია თუ არა ჩემს ანგარიშზე გადარიცხული თანხის დაბრუნება?

თქვენ შეგიძლიათ ანგარიშზე არსებული თანხის გახარჯვა (გადახდა), ბანკომატიდან გამოტანა ან სხვა ანგარიშზე გადარიცხვა. აღნიშნულისათვის დაწესებული საკომისიოს ოდენობა შეგიძლიათ იხილოთ ცხრილში "ტარიფები და ლიმიტები" (პარაგრაფი 33).

ასევე, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ დისტრიბუტორის/სუბ-დისტრიბუტორს მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურს თანხის დაბრუნების მოთხოვნით, იმ გარემოების დადასტურების შემთხვევაში, რომ თქვენ გაანადგურეთ ბარათი (გაჭერით ის). ასეთ შემთხვევაში, ჩვენ დისტრიბუტორს/სუბ-დისტრიბუტორს ვანიჭებთ უფლებას გადარიცხოს თანხა თქვენი ანგარიშიდან უფასოდ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა:

  • თქვენ ითხოვთ თანხის დაბრუნებას ხელშეკრულების შეწყვეტამდე ან ვადის გასვლამდე;
  • წყვეტთ ხელშეკრულებას შეთანხმებული შეწყვეტის ან ვადის გასვლის თარიღამდე;
  • თანხის დაბრუნებას ითხოვთ ხელშეკრულების შეწყვეტის ან ვადის გასვლის დღიდან ერთი წლის შემდეგ.

ზემოთ აღნიშნულ შემთხვევებში დაგეკისრებათ დამატებითი საკომისიო (იხ. ტარიფებისა და ლიმიტების ცხრილი (პარაგრაფი 33)). ყველა დანარჩენ შემთხვევაში ელექტრონული ფულის დაბრუნებისათვის დამატებითი საკომისიო არ ვრცელდება. ელექტრონული ფულის დაბრუნების შემთხვევაში, თქვენ იხდით Paysera-ს სტანდარტულ საკომისიოს თანხის გადარიცხვის ან გამოტანისთვის, რაც დამოკიდებულია თქვენ მიერ არჩეულ ელექტრონული ფულის გადარიცხვის/გამოტანის მეთოდზე.

თქვენს ანგარიშზე არსებული თანხები არ დაგიბრუნდებათ, თუ აღნიშნული მოთხოვნით მოგვმართავთ წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტის ან ვადის გასვლის თარიღიდან ექვი წლის შემდეგ.

ანგარიშზე არსებული თანხა დაგიბრუნდებათ ევროში, თქვენ მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე. ჩვენ და დისტრიბუტორი/სუბ-დისტრიბუტორი ვიტოვებთ უფლებას, გადარიცხვის განხორციელებამდე მოგთხოვოთ საბანკო ანგარიშის კუთვნილების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა. ჩვენი სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად, თქვენი მოთხოვნით თანხის დაბრუნებამდე, დისტრიბუტორმა/ სუბ-დისტრიბუტორმა შეიძლება მოგთხოვოთ გარკვეული ინფორმაციის წარმოდგენა, როგორიცაა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები. თუ თქვენ მიერ მითითებულ ანგარიშზე თანხის დაბრუნება შეუძლებელია ჩვენგან და დისტრიბუტორის//სუბ-დისტრიბუტორისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, თქვენ დაუყოვნებლივ მიიღებთ შეტყობინებას და დისტრიბუტორი/სუბ-დისტრიბუტორი მოგთხოვთ სხვა ანგარიშის ან თანხის დასაბრუნებლად (გადახდის შესასრულებლად) საჭირო დამატებითი ინფორმაციის მოწოდებას.

გთხოვთ, გაეცანით წინამდებარე წესებისა და პირობების 28-ე პარაგრაფს, რომელშიც მოცემულია გარემოებები, როდესაც ჩვენ არ დაგიბრუნებთ თანხას.

22. არის თუ არა ბიზნეს Visa საგადახდო ბარათის ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრები ისევე დაცული, როგორც საბანკო ანგარიშზე?

ანგარიში და მასთან დაკავშირებული ბარათი წარმოადგენს ელექტრონული ფულის პროდუქტებს და, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს საქმიანობას ზედამხედველობს ლიეტუვის ბანკი, მათ არ ფარავს ლიეტუვის რესპუბლიკის დეპოზიტების დაზღვევის ფონდი. ანგარიშსა და მასთან დაკავშირებულ ბარათთან დაკავშირებული ზარალის დასაფარად არ არის გათვალისწინებული კომპენსაციის სხვა სქემა. თუმცა, გარწმუნებთ, რომ თქვენი თანხები ინახება განცალკევებულ ანგარიშზე, რათა ჩვენი გადახდისუუნარობის შემთხვევაში, დავიცვათ თქვენი სახსრები ჩვენი კრედიტორების პრეტენზიებისგან.

23. როგორ შევიტანოთ საჩივარი?

თუ არ ხართ კმაყოფილი თქვენი ბარათით ან ანგარიშით, ან მათი მომსახურებით, აღნიშნულთან დაკავშირებით თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ დისტრიბუტორის/სუბ-დისტრიბუტორის მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურს. ყველა თქვენი საჩივარი განიხილება სწრაფად და სამართლიანად.

დისტრიბუტორი/სუბ-დისტრიბუტორი თქვენს საჩივართან დაკავშირებულ ნებისმიერ შეკითხვას უპასუხებს ელექტრონული ფოსტით ან/და დაზღვეული წერილით. პასუხი გამოგზავნილ იქნება თქვენი საჩივრის მიღებიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში. თუ შეუძლებელია პასუხის გაცემა ამ ვადაში, დისტრიბუტორი/სუბ-დისტრიბუტორი გამოგიგზავნით შუალედურ პასუხს, ხოლო საბოლოო პასუხი მოგეწოდებათ 35 სამუშაო დღის განმავლობაში.

თუ თქვენ, როგორც მომხმარებელი არ ხართ კმაყოფილი მიღებული პასუხით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მომხმარებელთა საჩივრების განმხილველ დაწესებულებას - ლიეტუვის ბანკს თავისუფალი ფორმის წერილობითი განაცხადების მომხმარებელთა საჩივრების განმხილველი დაწესებულების ვებ-გვერდზე მითითებულ მისამართზე გაგზავნით.

24. როგორ მოვიქცე, თუ ჩემი მონაცემები შეიცვალა?

თქვენ ვალდებული ხართ, რაც შეიძლება სწრაფად შეატყობინოთ დისტრიბუტორს/სუბ-დისტრიბუტორს თქვენი სახელის, გვარის, სახელწოდება, იურიდიული მისამართის, ტელეფონის ნომრის ან ელექტრონული ფოსტის მისამართის ნებისმიერი ცვლილების შესახებ. ანგარიშთან დაკავშირებული საკითხებისთვის თქვენთან დასაკავშირებლად დისტრიბუტორი/სუბ-დისტრიბუტორი გამოიყენებს თქვენ მიერ მოწოდებულ უახლეს საკონტაქტო მონაცემებს. თქვენთან გამოგზავნილი ნებისმიერი ელ. წერილები ან SMS შეტყობინებები მიღებულად ჩაითვლება გაგზავნისთანავე. თუ თქვენ არ აცნობეთ დისტრიბუტორს/სუბ-დისტრიბუტორს თქვენი მონაცემების ცვლილების შესახებ, დისტრიბუტორი/სუბ-დისტრიბუტორი არ არის პასუხისმგებელი, თუ ინფორმაცია თქვენამდე არ მოვიდა.

25. როგორ მუშავდება ჩემი პერსონალური მონაცემები?

ჩვენ, როგორც მონაცემთა დამმუშავებელი, თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვიყენებთ ანგარიშის გახსნის, ადმინისტრირებისა და მართვისთვის და თქვენთვის საგადახდო მომსახურების მიწოდების მიზნით. თქვენ ეთანხმებით, რომ მოგვცეთ წვდომის, დამუშავებისა და შენახვის უფლება ნებისმიერ ინფორმაციაზე, რომელსაც თქვენ მიაწვდით დისტრიბუტორს/სუბ-დისტრიბუტორს, რათა შევძლოთ თქვენთვის საგადახდო მომსახურების გაწევა ან წინამდებარე ხელშეკრულების სხვაგვარად შესრულება. დისტრიბუტორის/სუბ-დისტრიბუტორის მიერ თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გაეცნოთ ჩვენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას. აღნიშნული თანხმობის გამოხმობა თქვენ შეგიძლიათ ანგარიშის დახურვის შემთხვევაში.

26. შეიცვლება თუ არა ეს წესები და პირობები?

ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ეს წესები და პირობები, იმ პირობით, რომ დისტრიბუტორი/სუბ-დისტრიბუტორი შეგატყობინებთ აღნიშნულის შესახებ ელ. ფოსტით ან სხვა შეთანხმებული საშუალებით, ცვლილებამდე არანაკლებ 2 თვით ადრე. თუ თქვენ არ ეთანხმებით ცვლილებებს, აღნიშნულის შესახებ უნდა აცნობოთ დისტრიბუტორს/სუბ-დისტრიბუტორს ცვლილებების ძალაში შესვლამდე. ამ შემთხვევაში, დისტრიბუტორი/სუბ-დისტრიბუტორი შეგვატყობინებს ჩვენ ცვლილებებზე თქვენი უარის შესახებ და ჩვენ დაუყოვნებლივ დავხურავთ თქვენს ანგარიშს. ანგარიშის ამ გზით დახურვის შემთხვევაში, ჩვენ ვაძლევთ დისტრიბუტორს/სუბ-დისტრიბუტორს უფლებას, უფასოდ დაგიბრუნოთ თქვენს ანგარიშზე არსებული თანხა.

წესებისა და პირობების უახლესი ვერსია, ისევე როგორც მომავალი ცვლილებების შესახებ შეტყობინებები, ყოველთვის ხელმისაწვდომია დისტრიბუტორის/სუბ-დისტრიბუტორის ვებ. გვერდზე. ცვლილებების შესახებ ინფორმაციის დროულად მიღების მიზნით, თქვენ რეგულარულად უნდა შეამოწმოთ დისტრიბუტორის ვებ. გვერდი და თქვენი პროფილი.

27. როდის შეიძლება შეჩერდეს ბიზნეს Visa-ს საგადახდო ბარათისა და ანგარიშის გამოყენება?

ხანდახან, თქვენი ბარათის ან ანგარიშის გამოყენების შესაძლებლობა შეიძლება შეფერხდეს, მაგ. როდესაც ჩვენ ვახორციელებთ სისტემების ტექნიკური მხარდაჭერის სამუშაოებს. აღნიშნულ შემთხვევაში, თქვენ ვერ შეძლებთ:

  • გამოიყენოთ თქვენი ბარათი შესყიდვებისათვის ან ნაღდი ფულის ბანკომატებიდან მისაღებად ან/და
  • მიიღოთ ინფორმაცია თქვენს ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრების ან/და თქვენი ბოლო ტრანზაქციის შესახებ.

გარდა ამისა, ისევე როგორც სხვა საგადახდო ბარათების შემთხვევაში, ჩვენ და დისტრიბუტორი/სუბ-დისტრიბუტორი არ გაძლევთ გარანტიას, რომ მერჩანტი მიიღებს თქვენს ბარათს ან რომ თქვენი ყველა ტრანზაქცია დადასტურდება. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სისტემის შეცდომით, ჩვენგან და დისტრიბუტორის/სუბ-დისტრიბუტორისგან დამოუკიდებელი სხვა მიზეზებით, რომელიც დაკავშირებულია სამართლებრივ ან რეგულატორის მოთხოვნებთან. ასევე, ჩვენ მიერ, წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად, თქვენი ანგარიშის გამოყენების შეჩერებით, შეზღუდვით, დახურვით ან ბარათის შეცვლაზე უარის თქმის გამო.

28. რა არის ჩვენი პასუხისმგებლობა?

ჩვენ ან, ჩვენი მოთხოვნით, დისტრიბუტორი/სუბ-დისტრიბუტორი ვკისრულობთ ვალდებულებას დაგიბრუნოთ თანხები, რომლებიც ჩვენ ან/და დისტრიბუტორმა/სუბ-დისტრიბუტორმა უსაფუძვლოდ ჩამოწერა თქვენი ანგარიშიდან. თუ შემდგომში დადგინდება, რომ დაბრუნებული თანხა სწორად იქნა ჩამოწერილი ანგარიშიდან, ჩვენ ან, ჩვენი მოთხოვნით, დისტრიბუტორს/სუბ-დისტრიბუტორს შეუძლია ჩამოწეროს ის თქვენი ანგარიშიდან და გადაგახდევინოთ აღნიშნულისთვის საკომისიო. თუ თქვენ არ გაქვთ საკმარისი თანხა თქვენს ანგარიშზე, დისტრიბუტორის/სუბ-დისტრიბუტორის მოთხოვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა აანაზღაუროთ მის მიერ მოთხოვნილი თანხა.

თუ არაავტორიზებული ტრანზაქციები განხორციელდა თქვენ მიერ დისტრიბუტორისთვის/სუბ-დისტრიბუტორისთვის თქვენი ბარათის დაკარგვის, ქურდობის, დაზიანების, ბარათის ან ანგარიშის არასანქცირებული გამოყენების შესახებ შეტყობინების წარდგენის შემდეგ და თქვენ მოქმედებდით კეთილსინდისიერად და ამ წესებისა და პირობების დაცვით, პასუხისმგებლობა აღნიშნულ ტრანზაქციაზე გვეკისრება ჩვენ.

ჩვენ და დისტრიბუტორი/სუბ-დისტრიბუტორი არ ვართ პასუხისმგებელი:

  • მერჩანტის მიერ თქვენი ბარათის მიღებაზე ნებისმიერი მიზეზით უარის თქმაზე;
  • ჩვენი, დისტრიბუტორის/სუბ-დისტრიბუტორის ან ნებისმიერი მესამე მხარის (რომელსაც ჩვენ ან დისტრიბუტორი/სუბ-დისტრიბუტორი ვიყენებთ ჩვენი ვალდებულებების შესასრულებლად) მომსახურების ნებისმიერი შეწყვეტისთვის, შეფერხების ან გაუარესებისთვის.
  • ტრანზაქციის ავტორიზაციაზე უარის თქმაზე;
  • თქვენი ბარათის ან ანგარიშის ბლოკირებაზე, ბარათის გაუქმებაზე ან ანგარიშის დახურვაზე;
  • ნებისმიერ ზიანზე, რომელიც დაკავშირებულია ბარათის გამოყენების შეუძლებლობის ან შეფერხებების გამო თქვენს ანგარიშზე წვდომის შეუძლებლობასთან;
  • ნებისმიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ ზიანზე ან ზარალზე, მათ შორის მიუღებელ შემოსავალზე, რეპუტაციულ ზიანზე, გუდვილის/შესაძლებლობის /მოსალოდნელი დანაზოგის დაკარგვაზე, რომელიც გამოწვეულია თქვენი ბარათის, მობილური აპლიკაციის, ვებ.გვერდის ან პროფილის სრული ან ნაწილობრივი გამოყენებით ან გამოყენების შეუძლებლობით ან თქვენი ბარათის ან ანგარიშის მესამე მხარის მიერ გამოყენებით (თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული);
  • თქვენი ბარათით შეძენილი ნებისმიერი საქონლის ან მომსახურების ხარისხზე, უსაფრთხოებაზე, კანონიერებასა ან სხვა ასპექტზე; და
  • ჩვენი და დისტრიბუტორის/სუბ-დისტრიბუტორის კონტროლის მიღმა არსებულ ნებისმიერ უჩვეულო და გაუთვალისწინებელ გარემოებაზე, მიუხედავად იმისა თუ რასთან იქნება ის დაკავშირებული.

SMS მომსახურების მიწოდებისას, დისტრიბუტორი/სუბ-დისტრიბუტორი არ არის პასუხისმგებელი გამოტოვებულ, დაგვიანებულ ან მიუწოდებელ შეტყობინებებზე და წვდომის იმ პრობლემებზე, რომლებიც გამოწვეულია რაიმე ტექნიკური, კომპიუტერის, ინტერნეტის, ტელეფონის, საკაბელო, ელექტრონული, პროგრამული უზრუნველყოფის, აპარატურის, ინფორმაციის გადაცემის, კავშირის, ვებ.გვერდის ან სხვა შეფერხებებით, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს SMS მომსახურების გამოყენებას.

წინამდებარე წესები და პირობები არ გამორიცხავს პასუხისმგებლობას სხეულის დაზიანებისა ან გარდაცვალებისთვის, რომელიც გამოწვეულია დაუდევრობის, თაღლითობის ან განზრახ შეცდომაში შეყვანით ან კანონით დადგენილ სხვა პასუხისმგებლობას, რომელიც არ შეიძლება გამოირიცხოს ან შეიცვალოს მხარეთა შეთანხმებით.

29. რა სახის საკომისიო შეიძლება დამეკისროს, გარდა 33-ე პარაგრაფით განსაზღვრულისა?

დისტრიბუტორი/სუბ-დისტრიბუტორი უფლებამოსილია დაგაკისროთ საკომისიო მის მიერ გაწეული გონივრული ხარჯებისთვის, რომელიც გასწია ბარათის ან ანგარიშის თქვენ მიერ გამოყენების შეწყვეტასა და იმ ზიანის ანაზღაურებისთვის, რომელიც გამოწვეულია თქვენი შემდეგი ქმედებით:

  • თქვენი ბარათი ან ანგარიში გამოიყენეთ უკანონო საქმიანობისთვის;
  • თქვენი ბარათი ან ანგარიში გამოიყენეთ წინამდებარე წესებისა და პირობების დარღვევით; ან
  • მოქმედებდით უხეში გაუფრთხილებლობით, მაგალითად, არ შეინახეთ თქვენი ბარათი ან PIN-კოდი უსაფრთხოდ ან დაუყოვნებლივ არ შეატყობინეთ დისტრიბუტორს/სუბ-დისტრიბუტორს თქვენი ბარათის დაკარგვის, მოპარვის ან ანგარიშთან არასანქცირებული წვდომის შესახებ.

ასეთ ვითარებაში, ტრანზაქციის თანხები არ ბრუნდება და ჩვენ ან, ჩვენი მოთხოვნით, დისტრიბუტორს/სუბ-დისტრიბუტორს უფლება გვაქვს თქვენი ანგარიშიდან ჩამოვწეროთ ის გონივრული ხარჯები, რომელიც გავწიეთ თქვენი ბარათის ან ანგარიშის გამოყენების შეწყვეტასა და თქვენს ქმედებებთან დაკავშირებული ზიანის სრული ანაზღაურებისთვის.

თუ თქვენ არ იყენებდით თქვენს ბარათს ან ანგარიშს უკანონო საქმიანობისთვის, არ მოქმედებდით უხეში გაუფრთხილებლობით და დაიცავით წინამდებარე წესები და პირობები, თქვენი პასუხისმგებლობა იმ არაავტორიზებული ტრანზაქციისთვის, რომელიც განხორციელდა დაკარგული ან მოპარული ბარათის ან მონაცემების გამოყენებით თქვენ მიერ აღნიშნულის შესახებ დისტრიბუტორის/სუბ-დისტრიბუტორისთვის შეტყობინებამდე, შემოიფარგლება 50 (ორმოცდაათი) ევროს ოდენობით.

გარდა ამისა, ჩვენ ან, ჩვენი მოთხოვნით, დისტრიბუტორი/სუბ-დისტრიბუტორი უფლებამოსილია დაგაკისროთ დამატებითი საკომისიო, თუ ჩვენ მოგვიწევს გადახდის ოპერაციის ხელით დამუშავება ან თქვენი შეცდომით ან უმოქმედობით გამოწვეული შეცდომის გამოსწორება.

30. შემიძლია თუ არა მესამე პირ პროვიადერებს მივანიჭო წვდომა?

თქვენ შეგიძლიათ რეგულირებად მესამე პირ პროვაიდერებს (TPP) (მათ შორის, ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურების პროვაიდერებს (AISP) და გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერებს (PISP)) მიანიჭოთ წვდომა თქვენს Visa საგადახდო ბარათის ანგარიშზე გადახდების განხორციელების, ანგარიშის ნაშთების ან განხორციელებულ ტრანზაქციებზე ინფორმაციის მიღების მიზნით.

TPP-ზე წვდომის მინიჭებამდე თქვენ უნდა:

(ა) დარწმუნდეთ, რომ TPP-ს აქვს სათანადო უფლებამოსილება და ყველა საჭირო ნებართვა;
(ბ) (ბ) შეამოწმეთ, წვდომის რა დონეზე გასცემთ თანხმობას, როგორ იქნება გამოყენებული თქვენი ანგარიში და რა მოცულობით გამჟღავნდება თქვენი პერსონალური მონაცემები მესამე პირებისთვის; და
(გ) გაეცანით TPP-ს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თქვენს ვალდებულებებს და უფლებებს, განსაკუთრებით, თქვენს უფლებას გამოიხმოთ თანხმობა თქვენს ანგარიშზე წვდომაზე.

ჩვენ შეიძლება უარი ვთქვათ თქვენს ანგარიშზე TPP-ის წვდომაზე, როდესაც დისტრიბუტორს/სუბ-დისტრიბუტორს აქვს ეჭვი თაღლითურ ან არაავტორიზებულ წვდომაზე.

ჩვენ და დისტრიბუტორი/სუბ-დისტრიბუტორი არ წარმოვადგენთ თქვენსა და TPP-ს შორის არსებული ხელშეკრულების მხარეს და არ გვეკისრება ხელშეკრულებიდან გამომდინარე რაიმე პასუხისმგებლობა. თანხის ანაზღაურების მოთხოვნის ყველა თქვენი უფლების გათვალისწინებით, წინამდებარე წესებისა და პირობების მიხედვით, ჩვენ და დისტრიბუტორი/სუბ-დისტრიბუტორი არ ვართ პასუხისმგებელი:

(ა) TPP-ის მომსახურების გამოყენებისა და TPP-სთან ხელშეკრულების დადების შედეგად დამდგარ ნებისმიერი სახის დანაკარგზე; და

(ბ) ნებისმიერ ქმედებაზე, რომელსაც TPP ახორციელებს თქვენთვის მომსახურების გამოყენების შეჩერებასა ან შეწყვეტასთან დაკავშირებით ან რაიმე ზარალთან დაკავშირებით.

31. შემიძლია თუ არა წინამდებარე წესებითა და პირობებით გათვალისწინებული ჩემი უფლებები ან ვალდებულებები გადავცე მესამე პირს?

ჩვენი ან დისტრიბუტორის/სუბ-დისტრიბუტორის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, თქვენ არ გაქვთ უფლება ამ წესებით და პირობებით გათვალისწინებული უფლებები ან/და ვალდებულებები გადასცეთ ნებისმიერ მესამე პირს. ჩვენ და დისტრიბუტორს/სუბ-დისტრიბუტორს გვაქვს უფლება, ამ წესებით და პირობებით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები ნებისმიერ დროს გადავცეთ ნებისმიერ მესამე პირს, წინასწარ, ორი თვით ადრე გაფრთხილების საფუძველზე. ჩვენი ან დისტრიბუტორის/სუბ-დისტრიბუტორის მიერ აღნიშნული უფლებით სარგებლობა არ იქონიებს გავლენას თქვენს უფლებებზე.

32. მარეგულირებელი კანონმდებლობა

ეს წესები და პირობები განიმარტება ლიეტუვის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად და ექვემდებარება ლიეტუვის რესპუბლიკის სასამართლოების ექსკლუზიურ იურისდიქციას.

33. როგორია ტარიფები და ლიმიტები?

ტარიფები და ლიმიტები ყოველთვის ხელმისაწვდომია დისტრიბუტორის/სუბ-დისტრიბუტორის ვებ. გვერდზე..

34. როგორ არის დაცული ჩემი სახსრები?

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბიზნეს Visa საგადახდო ბარათი და ბიზნეს Visa საგადახდო ბარათის ანგარიში წარმოადგენს ელექტრონული ფულის პროდუქტებს და, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს საქმიანობას ზედამხედველობს ლიეტუვის ბანკი, მათ არ ფარავს ლიეტუვის რესპუბლიკის დეპოზიტების დაზღვევის ფონდი. თუმცა, გარწმუნებთ, რომ თქვენი თანხები ინახება განცალკევებულ ანგარიშზე, რათა "Finansinės paslaugos "Contis"-ის გადახდისუუნარობის ნაკლებად სავარაუდო შემთხვევაში, დავიცვათ თქვენი სახსრები ჩვენი კრედიტორების პრეტენზიებისგან.

თქვენი Visa საგადახდო ბარათისა და Visa საგადახდო ბარათის ანგარიშის მომსახურებას გიწევთ "Finansinės paslaugos "Contis"-ის (კომპანიის კოდი 304406236, რეგისტრირებული მისამართი: Mėnulio g. 11-101, ვილნიუსი, ლიეტუვა), რომელიც უფლებამოსილია ლიეტუვის ბანკის მიერ განახორციელოს ელექტრონული ფულის ემისია და წარმოადგენს Visa-ს წევრს.

Visa საგადახდო ბარათის ანგარიშის წესები და პირობები ბიზნეს კლიენტებისთვის